ლია ჩხეტიანი
რუსული გამარჯვების კოქტეილი - სპორტი პროპაგანდის სამსახურში
რუსეთი ოლიმპიურ თამაშებზე
სპორტი რუსეთისთვის საერთაშორისო ასპარეზზე თავის წარმოჩენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. 1996 წლიდან ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთმა სულ 546, მათ შორის 196 ოქროს მედალი მოიპოვა. ეს მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია. რუსეთისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადა, რომელზეც მან პირველი ადგილი დაიკავა. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ოლიმპიური ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება, თუმცა ყოველთვის არსებობდა ეჭვები, რომ რუსული სპორტის უკან დოპინგზე, ანუ ფიზიკური ძალის მასტიმულირებელი, აკრძალული ფარმაკოლოგიური ნივთიერებების გამოყენებაზე დაფუძნებული პრაქტიკა იდგა. რუსეთიდან გაქცეული სპორტსმენების აღიარებებისა და WADA-ს (ანტი-დოპინგის მსოფლიო სააგენტო) მიერ ჩატარებული გამოძიებების შედეგად ცნობილი გახდა, რომ რუსი სპორტსმენების 99% სისტემურად მიმართავს დოპინგს, რაც არა მარტო ცნობილია "რუსადას" (რუსეთის ანტი-დოპინგის სააგენტო) და რუსეთის სპორტის სამინისტროსთვის, არამედ მათი ხელმძღვანელობით, ორგანიზებით, დაფინანსებით, და, რაც მთავარია, ვლადიმირ პუტინის უშუალო მფარველობით ხორციელდება.
"დოპინგის საიდუმლო - როგორ ქმნის რუსეთი თავის გამარჯვებულებს"
იულია სტეფანოვა რუსი მორბენალია. იგი რეგულარულად მოიხმარდა ჰორმონებსა და სტეროიდებს. სტეფანოვამ აკრძალული ნივთიერებების მიღება მწვრთნელის შეთავაზებით დაიწყო. მან სპორტსმენი დაარწმუნა, რომ დოპინგის გარეშე წარმატების მიღწევას ვერასდროს შეძლებდა და ეს სპორტში სრულიად ნორმალური, მიღებული მოვლენა იყო. 2013 წელს ბიოლოგიურ პასპორტში დაფიქსირებული უჩვეულო მაჩვენებლების გამო იულიამ ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ამის შემდეგ მან მის მეუღლესა და რუსადას ყოფილ თანამშრომელთან, ვიტალი სტეფანოვთან ერთად რუსული სპორტის თაღლითობის მხილება გადაწყვიტა და მალულად მტკიცებულებების შეგროვება დაიწყო. მწვთნელებსა და ექიმებთან ფარულად ჩაწერილი საუბრების, ვიდეომასალებისა და დოკუმენტების მოპოვების შემდეგ სტეფანოვებმა გერმანულ ტელეკომპანია ADR-ის დოპინგის თემით დაინტერესებულ ჟურნალისტს, ჰაიო სეპელტს მიმართეს. 2014 წელს სეპელტმა დოკუმენტური ფილმი "დოპინგის საიდუმლო: როგორ ქმნის რუსეთი თავის გამარჯვებულებს" გადაიღო. ფილმი მტკიცებულებებით დასაბუთებულ სენსაციურ ინფორმაციას შეიცავდა რუსული სპორტის შიგნით არსებული რეალური სამყაროს შესახებ:

რუსეთში ფიზიკური ძალების მასტიმულირებელი აკრძალული პრეპარატები ჩვეულებრივ აფთიაქში შეიძლება შეიძინოთ, ან ისე გამოიძახოთ, როგორც პიცა ან ჰამბურგერი. სპორტსმენებს არჩევანი, ფაქტობრივად, არ აქვთ: დოპინგზე უარის თქმის შემთხვევაში, მათ ნაკრებში თამაშის საშუალებას არასდროს მისცემენ. პრეპარატების მოხმარების ინდივიდუალურ გეგმის განსაზღვრაზე მწვრთნელები სპორტის სამინისტროსთან ერთად ზრუნავენ. ამ უკანასკნელს სათავეში პუტინის დიდი ხნის მეგობარი - ვიტალი მუტკო უდგას.

დანაშაულებრივ სქემაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი რუსადას (რუსეთის ანტი-დოპინგის სააგენტო) უჭირავს. აქ მომუშავე მეცნიერები პრეპარატების გამოყენების იმგვარი სქემების განვითარებაზე მუშაობენ, რომელთა ამოცნობაც საერთაშორისო ტურნირებზე ჩატარებული ტესტირებებით შეუძლებელი იქნება, ასევე, ისინი მალულად ცვლიან სპორტსმენების სისხლისა და შარდის ანალიზებს რუსეთში თავად, საერთაშორისო შეჯიბრებებზე კი - დოპინგის მაკონტროლებელ ოფიცრებთან ფარული კავშირების გამოყენებით. ამგვარი "მომსახურებისთვის" სპორტის სამინისტრო სპორტსმენების გასამრჯელოს 5 %-ს ითვისებს, ხშირად კი მათ ანალიზებს დამატებით შანტაჟისა და ფულის გამოძალვისთვისაც იყენებს.

"იკარუსი" - გრიგორი როდჩენკოვი
იულია სტეფანოვას მიერ სკანდალური ცნობების გახმაურების შემდეგ WADA-მ რუსეთში გამოძიება დაიწყო და ეჭვი რუსადაზე მიიტანა. მისი დირექტორი ამ დროს გრეგორი როდჩენკოვი იყო, რომელიც მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ მეცნიერად ითვლებოდა, თუმცა მისი მთავარი კარიერული მიღწევა რუსული დოპინგის სისტემის "რუხი კარდინალის" როლი გახლდათ. როდჩენკოვმა თანამდებობა 2005 წელს დაიკავა და მისი "მიღწევები" ჩინეთიდან უფრო უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პრეპარატების შემოტანასა და რამდენიმე ისეთი ახალი მეთოდის შემუშავებაში გამოიხატებოდა, რომლებიც წინ უსწრებდა დოპინგის გამოვლენის დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს და შეცდომაში შეჰყავდა აპრობირებული ტესტები. ამ "დამსახურებების" გამო 2011 წელს მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, თუმცა გამოძიების შეწყვეტაზე პუტინმა თავად იზრუნა, სანაცვლოდ კი, როდჩენკოვი სათავეში ჩაუდგა 2014 წელს სოჭის ოლიმპიადის მოსაგებად გათამაშებულ უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითურ სქემას.


ამ ყველაფრის შესახებ დეტალურად თავად როდჩენკოვი საუბრობს. მისთვის რუსეთის ხელისუფლების პრაქტიკა კარგად იყო ცნობილი: იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სპორტსმენზე ან რომელიმე თანამდებობის პირზე ეჭვი გაჩნდებოდა, სისტემურ დანაშაულზე ეჭვების თავიდან ასაცილებლად პუტინი "პაიკებს" სასწრაფოდ იშორებდა, "დამნაშავეებს" სჯიდა და მათ ახალი მარიონეტებით ანაცვლებდა. "რუსადას" ორივე ყოფილი ხელმძღვანელი, საეჭვო გარემოებებში გარდაიცვალა. ამიტომ, როდჩენკოვმა თავის შველა გადაწყვიტა: იგი ამერიკელი მეგობრის, ბრაიან ფოგელის დახმარებით აშშ-ში გაიქცა. ფოგელმა როდჩენკოვის მონაწილეობით 2017 წელს დოპინგის შესახებ დოკუმენტური ფილმი "იკარუსი" გადაიღო, რომელმაც, როგორც საუკეთესო დოკუმენტურმა ფილმმა, ამ წელს ოსკარიც დაიმსახურა.
სოჭის ოლიმპიადა - "მოპარული გამარჯვება"
"ვეღარავინ მოგვპარავს იმ გამარჯვებას, რომელიც უკვე მოვიპოვეთ" - დოპინგის გამოყენების ბრალდებებს კრემლმა ამ სიტყვებით უპასუხა, თუმცა, სიმართლე რუსების საწინააღმდეგოდ მეტყველებდა: როდჩენკოვის მიერ მოწოდებული ინფორმაცია WADA-მ და სხვა დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანოებმა ერთხმად დაადასტურეს.

სოჭში ანტი-დოპინგის სააგენტოსა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მეცნიერები განსაკუთრებულად დაცულ ლაბორატორიაში მუშაობდნენ. სპეციალისტები დოპინგის არსებობას შარდის ანალიზებით ამოწმებდნენ. შარდის სინჯი სპეციალურ შუშაში თავსდებოდა, რომლისთვისაც ხუფის მოხსნა დამსხვრევის გარეშე შეუძლებელი იყო.

როდჩენკოვის ნამდვილი საქმიანობა ლაბორატორიაში ღამით იწყებოდა: ლაბორატორიის განყოფილებაში კედელში დამაგრებული გამწოვი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა მეზობელ შენობას, რომელსაც FSB აკონტროლებდა. როდჩენკოვი სინჯებს გამწოვის ღრმულში ჩუმად ათავსებდა. გვირაბის მეორე მხარეს მყოფი FSB-ის აგენტები დოპინგის შემცველ სინჯებს სპორტსმენების სუფთა შარდით ცვლიდნენ და შენობაში კვლავ გვირაბით აბრუნებდნენ. უცნობია როგორ, თუმცა როგორც როდჩენკოვი, და შემდგომ, გამოძიებაც ადასტურებს, FSB-ის აგენტები სინჯების ხუფის დაუზიანებლად გახსნას ახერხებდნენ და შარდს მასში ამგვარად ცვლიდნენ.

სწორედ ამიტომ, არცერთი რუსი სპორტსმენის ანალიზში ფარმაკოლოგიური ნივთიერებების არსებობა სპეციალისტებს არ აღმოუჩენიათ. როდჩენკოვის მტკიცებით, ოპერაციას სპორტის მინისტრი პირადად ხელმძღვანელობდა, თავად როდჩენკოვი კი პუტინმა სწორედ ამ მისიით გამოიყვანა ციხიდან.

როდჩენკოვის მტკიცებით, მოპოვებული მედლების მინიმუმ ნახევრის მოპოვებას რუსეთი თაღლითობის სქემის გარეშე ვერ მოახერხებდა.
დასკვნები და საპასუხო ქმედებები
  • 2016 წელს WADA-ს მიერ წარმოებული გამოძიების მიხედვით, რუსეთში სახელმწიფოს მიერ მართული და მხარდაჭერილი დოპინგის სისტემა მოქმედებს.
  • 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის გამარჯვებების მინიმუმ 40 % დოპინგის გამოყენებით იქნა მიღწეული.
  • 2011-2015 წლებში მინიმუმ 1000-მა რუსმა სპორტსმენმა იასპარეზა ოფიციალურ ტურნირებში დოპინგის გამოყენებით.
  • რუსეთ აეკრძალა 2018 წლის სამხრეთ კორეის ოლიმპიური თამაშებში მონაწილეობის მიღება.
  • საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ სამუდამოდ დისკვალიფიცირებულ იქნა 28 რუსი სპორტსმენი.
  • რუსეთს ჩამოერთვა სოჭის ოლიმპიადაზე მოპოვებული 13 მედალი.
  • რუსეთისთვის დაწესებულია რუსადას რადიკალური რეფორმის განსაზღვრული გეგმა და კრიტერიუმები. მათ შესრულებაზეა დამოკიდებული რუსეთის მონაწილეობა 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში.
რუსეთის პოზიცია
რუსეთის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, იულია როდჩენკოვა და გრიგორი როდჩენკოვი სამშობლოს მოღალატეები არიან და აშშ-ის საგანგებო სამსახურების დავალებით მოქმედებენ. დოპინგის ცალკეული შემთხვევების დაფიქსირებაში საგანგაშო არაფერია და მასზე პასუხისმგებლობა მხოლოდ კონკრეტულ სპორტსმენებსა და როდჩენკოვს ეკისრებათ. რაც შეეხება სახელმწიფო მასშტაბის დოპინგის სისტემის არსებობას, ეს ყველაფერი აშშ-ის და რუსეთის მტრების მიერ გამოგონილი დეზინფორმაციაა, რომლითაც მათ რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტის შელახვა და სპორტში პირველობის წართმევა სურთ. WADA-ს და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გამოძიების შედეგებს პუტინი ეჭვის ქვეშ აყენებს და მათ რუსეთის საშინაო საქმეებში აშშ-ის ჩარევად მიიჩნევს.

იულია სტეფანოვა და ვლადიმირ როდჩენკოვი ფიქრობენ, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში, მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მათი აზრით, რუსეთში დოპინგის გამოყენების იმდენად მასშტაბური ტრადიცია არსებობს, რომ მისი შეცვლა მხოლოდ უმაღლესი ხელისუფლების ნების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი.




სპორტი და პოლიტიკა რუსეთში: იმპერიალისტური პროპაგანდა
სპორტის პოლიტიკური პროპაგანდის საშუალებად გამოყენების ტრადიცია რუსეთს საბჭოთა კავშირისგან ერგო. კომუნისტური პარტიის პოზიციით, მიუღებელია "სპორტი მხოლოდ სპორტისთვის", ათლეტები თავიანთ გამარჯვებას უნდა აღიქვამდნენ როგორც საბჭოთა საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. მათ სპეციალური ტერმინი "ფიზკულტურაც" შემოიღეს, რომელიც სპორტს მიიჩნევს არა მხოლოდ ფიზიკური განათლების და ჯანმრთელობის საკითხად, არამედ როგორც ახალგაზრდების კულტურული და სამხედრო წვრთნის საშუალებად და მასების განათლების მეთოდად, რადგან, მათი აზრით, ფიზიკური კულტურა ძალაუფლების სურვილს, გუნდურობას და ნაციონალურ სულისკვეთებას აძლიერებს.

საბჭოთა კავშირის პროპაგანდისტული პოლიტიკა ეფექტურად მუშაობდა:
სსრკ-მ 1952 წლიდან 8 ოლიმპიადიდან 6-ზე პირველი ადგილი დაიკავა, საბჭოთა ნაკრებების გულშემატკივრობა როგორც საბჭოთა, ისე მოკავშირე სახელმწიფოების დონეზეც სახალხო ობსესიად იქცა,

სსრკ-ის დაშლის შემდეგ რუსეთს აღარ შეეძლო 15 სახელმწიფოსგან შემდგარი კავშირის დონის გამარჯვებების მიღწევა. მისი ასპარეზობა აშკარად ჩამორჩებოდა მთავარი მეტოქის - აშშ-ის წარმატებებს.
რუსეთის მოსახლეობის 70%-ზე მეტი სსრკ-ის დაშლას ტრაგედიად მიიჩნევს, მათი სინანულის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი საბჭოთა სპორტული ტრიუმფებიცაა.

პუტინისთვის საბჭოთა წარსულის განდიდება იმპერიალისტური პოლიტიკის განმტკიცების მთავარი საშუალებაა. მისი აზრით, სპორტში წარმატება მოსახლეობაში ნაციონალისტურ განწყობას, ერის გამორჩეულობის განცდას აძლიერებს, რუსეთის მტრებისთვის მის სიძლიერეზე მიანიშნებს, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს კი ნიშნის მოგებით აჩვენებს, რომ რუსეთი ისეთივე დიდია, როგორც საბჭოთა კავშირი და მათაც შეეძლოთ დიდი რუსული გამარჯვებების ნაწილი ყოფილიყვნენ.
ყოველივე ამის მისაღწევად დოპინგის სისტემის შექმნა უფრო მარტივი და "რუსული" გამოსავალია, ვიდრე თავისუფალი სპორტის განვითარება.

სპორტი "რბილი ძალის" გამოყენებისა და იდეოლოგიური პროპაგანდის გავრცელების საუკეთესო საშუალებად სპორტული მეგა-ღონისძიებების მასპინძლობისას იქცევა. ამის საილუსტრაციოდ საკმარისია გავიხსენოთ, რომ 2018 წელს რუსეთში გამართული ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, ფაქტობრივად, პუტინის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო, სოჭის ოლიმპიადის მოწყობაში კი მან უზარმაზარი თანხა, 50 მლრდ დოლარი დახარჯა. მისთვის მნიშვნელოვანი იყო არა ღირსეული კონკურენცია, არამედ სასურველი შედეგების მიღწევა, რომლებიც სპორტული წარმატებიდან მის საკუთარ პოლიტიკურ წარმატებად გარდაიქმნებოდა.

სპორტული მიღწევები, როგორც რუსეთის სიძლიერის, სხვა ქვეყნებზე უპირატესობის დემონსტრირების, იმპერიალისტური ვნებების და, რაც მთავარია, სსრკ-ის ღირსეული მემკვიდრეობის გამოვლინების საშუალება, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ფარული მიზეზია იმისა, თუ რატომ უჭერს მხარს მოსახლეობის 75%-ზე მეტი პუტინს რუსეთში არსებული მრავალი პრობლემის მიუხედავად.

აღსანიშნავია, რომ სოჭის ოლიმპიადაზე ტრიუმფის შემდეგ 2014 წლის ზამთარში პუტინის რეიტინგმა ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, რასაც მაშინვე მოჰყვა ყირიმის ანექსიაც. ეს ქმედება კი რუსი მოსახლეობის 80 %-მა გამართლებულად მიიჩნია. აშკარაა, რომ ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავებისა და წარმატებული მასპინძლობის გამო მოსახლეობის გაზრდილმა კმაყოფილებამ პუტინს თავისი ექსპანსიონისტური პოლიტიკის განსახორციელებლად მეტი ძალა და მხარდაჭერა შესძინა.

როგორც ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა, ჯორჯ ორუელმა აღნიშნა, "სერიოზულ სპორტს არაფერი აქვს საერთო პატიოსან თამაშთან. ეს არის ომი სროლის გარეშე". ავტორიტარული რუსეთისთვის "სპორტული ომი" შესაძლოა ნამდვილი ომის წამოსაწყებ წარმატებულ პროპაგანდისტულ საშუალებად გადაიქცეს. ამიტომ, სპორტში კეთილსინდისიერი კონკურენციის უზრუნველყოფას რუსული პროპაგანდის და, შესაბამისად, პუტინის იმპერიალისტური პოლიტიკის მასშტაბების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.


This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website